top of page

ნიკოლოზ ბარათაშვილი

„ მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ    ბედი... ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“
ნ. ბარათაშვილი

სსიპ ქ.რუსთავის N23 საჯარო სკოლის XI კლასი


ბლოგის ავტორები: გვანცა გამყრელიძე, ეკატერინე ნანავა, თამარ თვბერიძე, ნათია თავაძე

About Me

ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრების სევდიანი გზა

(ბიოგრაფია)


            ნიკოლოზ  ბარათაშვილის ლირიკის სევდიანი სამყაროს წარმოსადგენად აუცილებელია მისი ბიოგრაფიის გახსენება. ნიკოლოზ  მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში.      
            ტატოს (ასე ეძახდნენ ოჯახში) დედა – ეფემია, ერეკლე II-ის შვილიშვილი და ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის _ გრიგოლ ორბელიანის, და იყო. ამ  განათლებულმა ქალმა  მომავალ პოეტს შეასწავლა წერა-კითხვა და გაუღვივა ქართული ლიტერატურის სიყვარული. პოეტის მამა თავისი დროისათვის ცნობილი პიროვნება იყო. მელიტონმა კარგად იცოდა რუსული ენა. იგი წლების მანძილზე თარჯიმნად მსახურობდა კავკასიის მთავარმართებელთან. თანამედროვეთა გადმოცემით, იყო კულტურული, კეთილგონიერი და კაცთმოყვარე, მაგრამ ფიცხი ადამიანი.
            ზ. ჭიჭინაძის გადმოცემით, ნიკოლოზ ბარათაშვილს პირველი დაწყებითი განათლება კალოუბნის სკოლაში მიუღია. ამის შემდეგ, 1827 წელს იგი ჩაურიცხავთ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც 1830 წლიდან გიმნაზიად გადაკეთდა. ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე.
            გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო. კოჭლობის გამო განუხორციელებელი პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას, მაგრამ მათი მეცადინეობა რამე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.  ბარათაშვილის მომდევნო წლები ძიებისა და მოუსვენრობის პერიოდი იყო. იგი თავის გარშემო არსებულ სინამდვილეში სიმშვიდეს ვერ პოულობდა. იმდროინდელი სულიერი მდგომარეობა, მისი მაძიებელი ბუნება შესანიშნავად არის გადმოცემული ლექსში ,,ხმა იდუმალი“, რომელიც 1836 წელს დაიწერა. აქ პოეტი ამბობს:                                             
                          ,,ვისი ხმა არის ეს საკვირველი?

                          რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?

                          რა ვსცან პირველად წუთისოფელი,

                          დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი...

                          მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

                          ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

                          ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად

                          სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:

                         ,,ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,

                           ვინძლო იპოვო შენი საშვენი!“

            მოყვანილ სტრიქონებში უდავოდ იცნობა ადამიანი, რომელსაც შინაარსიანი ცხოვრება სწყურია; იცნობა მოწინავე ახალგაზრდა, რომელსაც იდუმალი ხმა ჩასძახის, რომ თავისი ხვედრი ეძიოს, მაგრამ ეპოქის სინამდვილეზე გულგატეხილი პოეტი გარკვევით ხედავს, რომ „ხვედრსა თვისსა ვერ პოევბს“ და კაეშანს ვეღარ იშორებს.    
            ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა, კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა” და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.
            ნიკოლოზ ბარათაშვილი ერთ-ერთ წერილში თავის საყვარელ ბიძას სწერდა: ,,აგერ წელიწადნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აღარც პანსიონში ყოფნის დროს, და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა. იგი მზრდიდა მე აქამომდინ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხვალმე გულში. მაშ  რამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არა ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო, მაშინ, როდესაც ფეხი უკეთ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვჰხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყე უარი მათი და მით უამოვნობა, ვჰსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო... არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: ,,შვილო, ხედავ, შენი სახლის გარემოებასაო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?“ მის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედსა, თუმცა ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსარულება.“
           როგორც ვნახეთ, წერილში ნიკოლოზ ბარათაშვილი ლაპარაკობდა გიმნაზიის დასრულებაზე, შემდეგ სწავლა-განათლებისათვის გზისა და საშუალებების ძიებზე, მამის ავადმყოფობაზე, მშობლიურ ოჯახის მატერიალურ ხელმოკლეობასა და,  იმ სიძნელეებზე, რომლებმაც დიდი პოეტი აიძულეს, ბედს დამორჩილებოდა და ერთ უჩინარ დაწესებულებაში პატარა მოხელის თანამდებობაზე ემუშავა ნიშანდობლივია ისიც, რომ მგოსანი თავისი წერილის ადრესატს გულის კარს ბოლომდე უხსნის დ საკუთარ ადამიანურ განცდებში ახედებს.    

           სავსებით ბუნებრივია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის კანცელარიის ატმოსფერო მძიმე და აუტანელი იყო. სწორედ ამ ბიუროკრატიული კანცელარიის უხალისო საქმიანობაში პოეტმა დაახლოებით რვა წელიწადი გაატარა. ამიტომაცაა, რომ ამ პერიოდის სხვა პირადი წერილებიდანაც კვლავ უკმაყოფილებისა და აწყმო სინამდვილისადმი შეურიგებლობის ხმა ისმის. საინტერესოა მაიკო ორბელიანისადმი პოეტის ერთი წერილი, რომელშიც იგი მეგობარს გულახდილად მოუთხრობს თავის მარტოობაზე, სულით ობლობაზე: ,,კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ... ვისაც საგანი აქვს ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ. - არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლეც მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაც ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც ვერავის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მქონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისი გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არც თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერისა სულისა, თურმე ნიშანნი ყოფილა ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო ასე გულცივად განსჯა არა მქონია, ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული.“
          1835 წლიდან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახჭევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 წლის ივნისს _ იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 21 ოქტომბერს, 27 წლისა მალარიით მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა და იქვე, მართმადიდებელთა ეკლესიის გალავანში, დაკრძალეს. ასრულდა პოეტის წინასწარმეტყველება
                         ,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
                          ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღარ დამეცეს ცრემლი მწუხარის.“ 
           XIX საუკუნის 60-იან წლებში პეტერბურგში, ეკატერინე ჭავჭავაძის (იმ დროს უკვე სამეგრელოს დედოფლის) სალონში, სტუდენტი ილია ჭავჭავაძე გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. მან რუსეთში დაწერა თავისი აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილი ლექსი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილზედ“. ახალგაზრდა ილიამ სახელოვანი რომანტიკოსის უდროოდ გარდაცვალებას ქართველი ხალხის უკეთეს ფიქრთა დამარხვა უწოდა. მან ნიკოლოზ ბარათაშვილს მიმართა:

            ,,ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!

              ვინ უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა...“
          დიდი პოეტისადმი ინტერესი მალე გაცხოველდა. 1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადგინდა დიდი მგოსნის ნეშტი სამშობლოში გადმოესვენებინათ. 1893 წლის 23 აპრილს გაითხარა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავი. პოეტის ნეშტი ადგილობრივი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ხელით 4 ვერსის მანძილზე ატარეს სადგურამდე. 25 აპრილს იგი თბილისში ჩამოასვენეს. დედაქალაქის რკინიგზის სადგურზე თავი მოიყარა აურაცხლმა ხალხმა, რომელმაც მუხლმოყრით სცა თაყვანი

გენიოსი პოეტის ნეშტს. დიდუბის პანთეონში მისმა გადმოსვენებამ ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. ილია ჭავჭავაძე იმ დროს ამბობდა: ვაპირებთ აქ, ამ ადგილას, სადაც პოეტს ვასაფლავებთ ძეგლი დავდგათ, მაგრამ რა დასადარია ხელთქმნილი ძეგლი იმ ხელთუქმნელ ძეგლთან, რომელიც თითეული ქართველის გულში აიგო თვით ნიკოლოზ ბარათაშვილმაო. დიდ ილიას, როდესაც იგი ხელთუქმნელ ძეგლზე ლაპარაკობდა, მხედველობაში ჰქონდა გენიალური პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობა, მისი უჭკნობი ლირიკის ძალა და მიმზიდველობა.
    1900 წელს წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გენერალ ყაზბეგის, მითითებით დაამზადეს ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე დასადგმელი ძეგლი _ დეკორატიული ქანდაკება. 1905 წლის 10 ოქტომბერს, მიუხედავად წინა დღის კოკისპირული წვიმისა, საზეიმოდ  გაიხსნა მგოსნის ძეგლი, რომელიც თბილისში გამოაქანდაკეს იტალიელმა სკულპტორებმა ვილიმ  და რიჩიმ.35 წელი განისვენებდა დიდი მგოსნის ნეშტი დიდუბის მიწაში. 1938 წლის 15 ოქტომბერს ქართველმა მწერლებმა იგი მთაწმინდაზე გადაასვენეს.ნიკოლოზ ბარათაშვილის სიცოცხლეში  მისი არც ერთი ლექსი არ დაბეჭდილა. გარდაცვალების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მას სამშობლოს მიწაც არ ღირსებია, მაგრამ მისი, როგორც დიდი პოეტის, სახელი თანდათან პოპულარული ხდებოდა. ამ მხრივ მას დიდი სამსახური გაუწია გიორგი ერისთავმა. 1852-1853 წლებშიმან ,,ცისკარში“ გამოაქვეყნა ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელი რიგი ლექსები. ამით მან, ჯერ ერთი, ეს ნაწარმოებები მოსალოდნელ დაღუპვას გადაარჩინა. და მეორეც, თუ აქამდე მისი შემოქმედება ვიწრო ლიტერატურულ;ი წრეების საკუთრებას შეადგენდა, იგი უკვე მკითხველთა ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.
          ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის ზოგადსაკაცობრიო ხასიათს აღრმავებს და განამტკიცებს ჭეშმარიტი პოეზიის მადლით აღბეჭდილი გრძნობათა უშუალობა. როდესაც ვეცნობით მისი ეპოქის საზოგადოებრივ ცხოვრებას და პოეტის პირად მდგომარეობას, იგი პირდაპირ გვაოცებს ადამიანურ განცდათა გადმოცემის უშუალობით. ,,ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში აისახა მისი პირადი ცხოვრება, რომელიც აღსავსე იყო იმედების გაცრუებით, მისწრაფებათა განუხორციელებლობით, მძიმე ტანჯვითა და გულისტკივილით,“ _ წერდა შალვა რადიანი. 

გვანცა გამყრელიძე


 

           
             ნიკოლოზ ბარათაშვილი მე–19 ს.-ის  პირველი ნახევრის თვალსაჩინო პოეტია. მისი პოეზია მწვერვალია არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო რომანტიზმისა. თავისი ზოგადსაკაცობრიო იდეებით მან ღირსეული ადგილი დაიკავა ბაირონის, მიცკევიჩის, ჰიუგოსა და სხვათა გვერდით.  

             ნ. ბარათაშვილის თანამედროვე ეპოქა ერთ-ერთი უმძიმესი იყო საქართველოს ისტორიაში. ქვეყანას დაკარგული ჰქონდა ეროვნული დამოუკიდებლობა, იდევნებოდა ქართული ენა, არ არსებობდა ჟურნალ-გაზეთები და კულტურული  დაწესებულებები. მშობლიურ ენასა და ხელოვნებას ქართველობა მხოლოდ სალონებში თუ ეზიარებოდა. 

            რთული, ბუნდოვანი, გარკვეული წინააღმდეგობით სავსე ეპოქა ბარათაშვილში     სევდას აღძრავდა, მაგრამ მას არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი. მგოსნის შემოქმედება მრავლფეროვანია, მაგრამ მისი ლირიკის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება სევდის განცდაა, რაც  აშკარად თუ ფარულად გასდევს მის ყოველ წერილსა თუ სალექსო ფრაზას. 

             ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია ქართული რომანტიზმის მწვერვალია.     ქართველი ერის პოეტური გენია მგოსნის შემოქმედებაში თვალისმომჭრელ სიმაღლეებს აღწევს. ბარათაშვილმა უდიდესი ოსტატობით გამოძერწა საუკეთესო ლექსები, რომლებშიც გადმოცემულია მისი სულიერი ცხოვრება, აზრების სიდიადე, გრძნობების სიფაქიზე და დახვეწილობა. პოეტის სწრაფვას ნათელი მომავლისკენ, მის დაუცხრომელ სულს ვერ აკმაყოფილებდა არსებული სინამდვილე იგი პირად ცხოვრებითაც უკმაყოფილო იყო, რაც ნათლად ჩანს მის პირად წერილებში, კერძოდ მაიკო ორბელიანისადმის გაგზავნილ წერილში: ,,არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მომძულებია ამდენის მარტოობითა. შენ წარმოიდგენე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაც ჰყავს, დედაც, დებიცა მრავალნი მონათესავენი, მაგრამ მაინც კიდევ ვერავის მიჰკარებია... ამ სავსე და ვრცელ სოფელში!“  

           ბარათაშვილის პოეზია  სევდით არის აღსავსე.  ამის  მიზეზი  გახდა სიყვარულსა და საზოგადოებრივ  ცხოვრებაში წარუმატებლობა, სამშობლოს ბედით გამოწვეული  დარდი. ეს კარგად წარმოჩინდა პოემაში ,,ბედი ქართლისა“,  ლექსებში: ,,საფლავი მეფის ირაკლისა“, ,,სუმბული და მწირი“ და სხვა. აშკარად ჩანს, რომ მგოსანი მისტიროდა ძველ საქართველოს, მის ძლიერებას, დამოუკიდებლობას, წარსულ რაინდულ სულს, რომელიც  უკვე  დაკარგული ოყო. ალბათ ამიტომაც  წერდა  დარდიანი მგოსანი: ,,სადღა არიან აწ ესე კაცნი, რომ არ გვალხენენ სულით მამაცნი?!“... და დანანებით ამბობდა  ქართველ ქალებზე: ,,რა იქნებოდა დედათა ჩვენთა სულიცა  თქვენი გამოჰყოლოდა?!“       

            მწერლის სულიერმა სევდამ, გამოწვეულმა პირადული და საზოგადოებრივი მდგომარეობით, დიდი ადგილი  დაიკავა პოეტის შემოქმედებაში, რაც განსაკუთრებით  ჩანს ლექსებში: ,,სულო ობოლო“,  ,,სულო ბოროტო“, ,,ვპოვე ტაძარი“, ,, ფიქრნი მტკვრის პირას“ ,  ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“  და  სხვ. ბარათაშვილი გენიოსია ქართული ლიტერატურისა. მის შემოქმედებაში დიდი ოსტატობით აისახა რომანტიკული სევდა და განცდა. მის ემოციურ დატვირთავასა და სულიერ ტანჯვას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ პოეტისათვის დარდის უპირველესი მიზეზი ბოროტ და შავბნელ ბედისწერასთან ბრძოლა იყო.  ის ხელოვნებაში არასოდეს მისდევდა სხვისგან გაკვალულ ბილიკს და ცხოვრებისეულ პრობლემებთან ბრძოლაშიც მარტოდმარტო დაიღუპა. ის არ საჭიროებდა სხვის მიბაძვას, მან თავისთვის თვითონვე გაჭრა გზა და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო გენიოსებს შორის.
             ბარათაშვილს მსოფლიო ლიტერატურაშიც  განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის. რომანტიკულ პოეზიას თუ ერთ თავში უდგას ბაირონი, ტიტანი კაცი და მეორე თავში _ შელი, ეს ანგელოზი, არამიწიერი ქმნილება, მათ შორის აუცილებლად   აღმოჩნდება ნ. ბარათაშვილიც. მან შეძლო თავისი სევდიანი ლირიკით ზოგადსაკაცობრიო საკითხები განეხილა და თამამი სიტყვა ეთქვა პოეზიაში.
              ნიკოლოზ ბათაშვილის შემოქმედებაში ქართულმა რომატიზმმა სრულყოფილი სახე მიიღო, თუ ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის პოეზია დასაწყისია ახალი ქართული ლიტერატურისა, ნიკოლოზ ბარათაშვილი მისი უმაღლესი საფეხურია. მის შემოქმედებას იგივე სოციალური საფეხური განსაზღვრავს, რაც სხვა  ქართველი რომანტიკოსების მხატვრულ მემკვდიდროებას. ამ საერთო საფუძველს ემყარება პოეტის სევდიანი ფიქრები და  მისივე ზღვარდაუდებელი ძიება. ამ დიდმა შემოქმედმა სხვა რომატიკოსებისგან გასხვავებით თავისი ეპოქის ვნებათა ღელვა საერთო საკაცობრიო სიმაღლეზე აიყვანა და საკუთარი სულის ობლობა მთელი პროგრესიული კაცობრიობის გულთათქმას დაუკავშირა. ეს არის პოეტის სიდიადის ერთი დამახასიათებელი ნიშანი. მისი ,,მერანი“ მართლაც მსოფლიო შედევრია, რომელიც ზოგადსაკაცობრიო იდეალებს მიზნად უსახავს თითოეულ თანამოაზრეს.
               ნ. ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობის ამ მხარეს პირველად ყურადღება მიაქცია ილია ჭავჭავაძემ თავის ცნობილ წერილებში ქართულ ლიტერატურაზე. როდესაც გენიალური მგოსნის საერთო მწერლურ შესაძლებლობებზე მსჯელობდა, ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ,,იგი მით უფრო იყო ძლიერი ლირიკაში ალ. ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანზედ, რომ მისნი გულისთქმანი, მისნი გრძნობანი, მისნი ნიჭნი და მწუხარებანი უფრო საყოველთაო, საკაცობრიობო არიან, ვიდრე კერძონი, ვიდრე მის საკუთარ გულისანი. მისი კვნესა კაცობრიობის კვნესაა, მისის ჩივილი კაცობრიობის ჩივილია, მისის ვერ მიწვდენა სურვილისა კაცობრიობის უღონობაა“.
               ილია ასევე ზოგადადამიანურ მისწრაფებათა გამოხატულებას ხედავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის მთელ რიგ ლექსებში. იგი საკუთარი ფიქრების პასუხს ეძებდაო ,,მარტო თავის გულში კი არა, მთელი კაცობრიობის გულში“.
               ილია ჭავჭავაძემ პირველმა აღიარა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობის ღრმა ეროვნული ხასიათი და იმავე დროს აჩვენა მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. იგი ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკის მიმოხილვის დასკვნით ნაწილში შთამაგონებლად ამბობდა: ,,ამ სახით, ნიკოლოზ ბარათაშვილმა ჩვენს აზრს, ჩვენს გულთა-თქმას, ჩვენს ჭკუა-გონებას, დიდი განი და სიღრმე მისცა. კაცობრიობის წყურვილს ქართველიც თანამოაზრედ გაუხადა და კაცობრიულ წყურვილის  მოსაკლავ წყაროს ქართველიც დააწაფა.“                                                                                          ამრიგად,  ნიკოლოზ ბარათაშვილი რომატიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაში ლამაზ მხატრულ ფერებსა და ფიქრებში აისახა  სევდიანი რომანტიკული განცდები. მიუხედავად ამისა, პოეტს არასდროს დაუკარგავს ოპტიმიზმის შეგრძნება, თუმცა მის შემოქმედებას მუდამ თან სდევს დარდისა და იმედგაცრუების მწარე ცრემლი... ის არ ემორჩილებოდა მკაცრ ბედს  და ამაყად შესძახოდა ბედის უკუღმართობას: ,,განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცდურო, სულო ბოროტო.“

ბარათაშვილი და მისი თანამედროვე ეპოქა

ეკატერინე ნანავა

Work Experience

ნ.ბარათაშვილის სევდის მიზეზები


          ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება თავისი ეპოქისადმი შეურიგებლობის ნიშნის მატარებელია. მისი პესიმიზმი გამოწვეულია არა ვიწრო პირადული, ან წოდებრივი მგდომარეობით, არამედ ფართო საზოგადოებრივი განწყობილებით. პოეტის პესიმიზმს საფუძვლად უდევს მისივე საბრძოლო მისწრაფებანი. პოეტი არსებული საზოგადოებრივი ცხოვრებით უკმაყოფილოა. არსებული სახელმწიფოებრივი რეჟიმი მას ძალით იმორჩილებს და გასაქანს არ აძლევს.
          პოეტის რეალური ყოფა მის მებრძოლ სულს ბორკილებს ადებს და დამონებას ცდილობს. პოეტი თავის ხვედრს ვერ პოულობს. გაბატონებული საზოგადოებრივი უთიერთობა ძირშივე სპობს და ანადგურებს ადამიანის პირად ინიციატივას და მისწრაფებებს. მოულოდნელი არაა, რომ ამგვარ ვითარებაში მყოფი პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება იძულებული ხდება, თავისი დიდი მისწრაფებები საკუთარ სულში შეინახოს გარკვეულ დრომდე. მაღალი იდეების ადამიანი სულიერად არასოდეს დაეცემა. მას შინაგანი გულისთქმა ყოველთვის უკეთესი მერმისაკენ ეწევა, მაგრამ ცალკეულ მომენტებში მაინც თავს იჩენს ერთგვარი ეჭვის, მარტოობისა და ობლობის გრძნობა.

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლური (სპარსული) პოეზიის გავლენაის უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული. მხოლოდ თუ მოგვეძებნება უფრო ძლიერი გრძნობით აღსავსე, ცოტას ვიცნობ პოეტს უფრო წმინდისა და ნათელის გრძნობის გამომცდელს, მგოსანს უფრო სპეტაკს, გულით და სულით ამაღლებულს, არ ვიცნობ ბევრს პოეტს ასეთი ზნეობრივი სტოიციზმით აღსავსეს, ცოტას ვიცნობ მგოსანს უფრო ძლიერად აღშფოთებულს და უფრო ღრმად დატანჯულს `ბოროტის სულისაგან.
          გენიოსი ბაირონის გვერდის დამამშვენებელ ლირიკოსთა შორის ადგილი ბარათაშვილსაც ეკუთვნის იმიტომ, რომ, თუ სხვებმა ბაირონის პესიმიზმი სავსებით შეითვისეს და შეისისხლხორცეს, ბარათაშვილმა ზნეობრივი მოვალეობის შეგნებულება გამოიჩინა და უსასო, რადიკალურ, დაუსრულებელ პესიმიზმს მოვალეობა ამოუყენა გვერდით და განაცხადა:
                                        ,,მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა,

                                          უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

                                          არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

                                          იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!”
         პოეტი კარგად გრძნობდა საკუთარ შინაგან სამყაროს  და  ეს გამოხატა  ჯერ ლექსად და მერე წერილებშიც. იგი გრიგოლ ორბელიანს სწერდა: ,,მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესო ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არ ხარ ახლანდელი მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არ მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილ ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ და ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა!“  ...და ასეთი დიდებული ადამიანი ისე  ის მოკვდა , რომ ვერ აისრულა თავის  ვერცერთი ოცნება.
          ნ. ბარათაშვილისთვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია გრიგოლ ორბელიანს, რომელიც მისი  ბიძა იყო. ერთხელაც არ გაუწოდა მეგობრულად და ნათესაურად ხელი. გრ. ორბელიანმა ადამიანური მოვალეობა ვერ შეასრულა... ტანჯვა და უსიამოვნება მეტი ძალით აგრძნობინებს პოეტს ცხოვრების მძიმე საიდუმლოებას, უფრო მეტი სიწრფელით აღსავსე კვნესასა და გოდებას იწვევს მასში და ეს იშვიათი ოსტატობით აისახება მის ლირიკაში.
          ცხოვრებისაგან გულდასერილ პოეტს არ შეეძლო ისეთი ზიზღით აღსავსე, გამანადგურებელი სიტყვებით მიემართა საზოგადოებისათვის, როგორიც იცოდა ხოლმე ცხოვრებისგან განებივრებულმა დიდებულმა ლორდმა ბაირონმა. უფერულმა, დაჩაგრულმა ცხოვრებამ აღუვსო სული ისეთი ღრმა და წრფელი კვნესით, ცხოვრებამ ისე შეაგნებინა სიმწვავე და სიდიადე ტანჯვისა, რომ სხვა ლირიკოსებზე  მაღლა დააყენა. გულდატანჯულ  მგოსანს არაფრად მიაჩნდა არც ობლობა კაცისა, არც მისი უთვისტომობა, არც მეგობართა და ნათესავთ სინაკლებე. მისი აზრით, საბრალოა მხოლოდ დაობლებული სული, რომელსაც ეგონა იპოვა ტოლი და მოტყუვდა, იმედები გაუცრუვდა, გულისსწორი დაეკარგა და სულიერი სიცარიელის შემავსებლად ვერავის პოულობდა.
          ლექსში ,,სული ობოლი“ პოეტს აღარა აქვს ნდობა ამ ცრუ სოფლისა, ,,ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა”, რადგან „ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა“. ამა სოფლის სიამოვნებანი მისგან უკუიქცევიან, ,,მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა” და ახლა მხოლოდ ოხვრაღა დარჩენია, ,,ოხვრა არის  შვება უბედურისა.”                     
          ახალი ეპოქა საზოგადოებაში იწვევს ანარქიას, არეულობას,  აზრთა და გრძნობათა რყევას. ასეთ დროში, არათუ ორ ადამიანს შორის, ორ მეგობარს შორის აღარ არსებობს ხოლმე თანხმობა და  აზრთა და გრძნობათა თანხვედრა.  თვით ადამიანის არსებაში აღარ არის იგივეობა, პიროვნების ,,მე” იყოფა, ნაწილდება, ეს ნაწილები ერთმანერთის უპირისპირდებიან, აზრი გრძნობას ვერ იმორჩილებს. მკვიდრეობითა და ტრადიციით გადმოცემული ზნე-ჩვეულებანი ვეღარ ეთანხმებიან მიმბაძველობით შექმნილ ახალ მისწრაფებას: გული სხვას ეუბნება, გონება – სხვას, წარსული ერთის მხრისაკენ მიიზიდავს, აწმყო და მომავალი მეორე , სულ სხვა გზისაკენ ეწევა.
          ამგვარად დაქსაქსული, სკეპტიციზმითა და დაუდგრომლობით დატანჯული ნგოსანი  ვეღარსად ვერ პოულობს პასუხს სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს კითხვაზე. მიზეზიც კი ვერ გამოურკვევია აზრისა და გრძნობის ასეთი გორიაქისა და დაუდგრომლობისა.  იგი ეპოტინება საუკუნო კითხვებს, დაუსაბამო და დაუსრულებელ მიზეზთა კვლევა-ძიებას ჰკიდებს ხელს, მაგრამ შეიგნებს რა უდიდეს უძლურებას ადამიანისას ,,გამოუცნობლისა და მიუწვდომელის” წინაშე, მაინც არ ნებდება ბოროტ ბედისწერას. ძველი ტრადიცია მოისპო, ახალი აღარა დამყარდა რა. პოეტმა  არ იცის, რად მოუცავს სევდას გული. მას ეგონა, რომ რომელიმე მეგობარი მაინც გაუგებდა, შეიგნებდა და გაიზიარებდა მის დამტანჯველ გრძნობას, მაგრამ მოტყუვდა და ეგრეთი გაცუდება იმედისა, სასოწარკვეთილებით ავსებს მის გულს და ნიადაგ სულის ობლობას, სულის მეგობრის მოუპოვლობას მოთქვამს და ტირის.
          მგოსანი იმ ხანაში გამოვიდა ცხოვრების ასპარეზზე, როცა ქართველი ერი, თითქოს ძლივს გამოღვიძებული, ისევ ძილს მიეცა. ქართველ საზოგადოებაში რეაქცია დამყარდა, ქარიშხალის შემდეგ ისევ წყნარი, მაგრამ მოღრუბლული და მოღუშული დღე დადგა. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მგოსნის სევდა და ნაღველი.

ეკატერინე ნანავა

ნ. ბარათაშვილი _ სულით ობოლი პოეტი


         1832 წლის შეთქმულთა დასჯის შემდეგ თვით საზოგადოებასაც შიშის ზარი ჰქონდა დაცემული. შიშით ფიქრიც კი ეძნელებოდათ. მნიშვნელოვან მოვლენას თრგუნავდა ჭორები, მითქმა-მოთქმა, ზნეობრივი გახრწნილება, უსულობა და უგულობა. ამ ხანაში დაიბადა საქართველოს პოეზიის ,,ობოლი სული” და განა შეეძლო მას ასეთს დროში მოეპოვებინა ,,სულის მეგობარი”. ოცნებით წარმოდგენილი თუ ჰყავდა ოდესმე ასეთი მეგობარი სული, სინამდვილეს უნდა დაენახვებინა, რომ ამგვარი ოცნება მხოლოდ ოცნებაა და ისიც მტკნარი სიცრუე…
         პოეტის რთულ და ნაირფეოვან შემოქმედებაში ბობოქრობდა მოუსვენარი აჯანყებული სული. მართალია, მარტოობის მძაფრი განცდა მას არასდროს ტოვებდა, მაგრამ ამ სოფელზე უარის თქმა ადამიანის დამცირების უღონობად მიაჩნდა. პოეტმა უდიდესი ოსტატობით გამოძერწა საუკეთესო ლექსები, რომლებშიც გამოცემულია საკუთარი სულიერი ცხოვრება, აზრების სიდიადე, გრძნონების სიფაქიზე და დახვეწილობა. ბარათაშვილის სწარფვას ნათელი მომავლისაკენ, მის დაუცხრომელ სულს ვერ აკმაყოფილებს არსებულ სინამდვილე, იგი პირადი ცხოვრებითაც უკმაყოფილო იყო, რაც ნათლად ჩანს მაიკო ორბელიანისადმი გაგზავნილ წერილში: ,, არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით, შენ  წარმოიდგინე, მაიკო,  სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაც ჰყავს, დედაც,  დებიც, მრავლნი მონათესავენი და მაინც კიდევ  ვერვის მიჰკარებია, მაინც  კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს  სოფელში!“    
         პოეტის სულიერმა სევდამ, გაოწვეულმა პირადული და საზოგადოებრივი  მდგომარეობით, დიდი ადგილი დაიკავა მის პოეზიაში. ეს  განსაკუთრებით  ჩანს ლექსში-,, სულო ობოლი.“

                                             ,,ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

                                              ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

                                              საბრალოა მხოლოდ სული ობოლი,

                                              ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!“
          ლექსში ასახულია სულიერი მეგობრის დაკარგვით გამოწვეული სევდა და ტკივილი. პოეტის აზრით, ყველაზე საბრალოა სულით ობოლი ადამიანი, რადგან იგი ვერ ჰპოვებს თავის გულის სწორს ამ ქვეყანაზე და განწირულია დასაღუპავად. ასეთ ადამიანს არ აქვს ნდობა წუთისოფლის, მისი ეშინია და ეკრძალვის, არ იცის ვის აუწყოს თავისი დაფარული მწუხარება, რადგან მოკლებულია მეგობრებს. მისი გული განუკრნებულ სევდას ატარებს. იგი დაუწყლულებია სიყვარულში იმედგაცრუებას: 

                                                      ,, ძნელი არის მარტოობა სულისა:  

                                                      მას ელტვიან სიამენი სოფლისა,           

                                                      მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

                                                      ოხვრა არის შვება უბედურისა!“              
         ამ ლექსიდან მთელი სისრულით შეიცნობა სულით ობოლი ადამიანის განცდები. მკითხველისათვის ნათელი ხდება, რომ ამგვარ პიროვნებას ქვეყანაზე არავინ გააჩნია, რომელთანაც დაფარული გრძნობის გამომჟღავნებას შეძლებს, ამაშია დიდი ადამიანის ტრაგედიის დასაწყისი, ეს არის მისი ობლობის მაუწყებელი.
         პოეტმა  ვერ იპოვა  სატრფო გულისა. ტრფობას მის გულში კვნესის მეტი არა დაუტოვებია რა. აქ, ამ წუთისოფელში, ვერც სიყვარულში მოიპოვა თანაგრძნობა და სასოება და ამიტომაც ეს გრძნობა გააიდეალა, ამაშიაც ბარათაშვილს ძნელად მოეძებნება ბადალი. იგი უგალობს სიყვარულში ყოველივე იმას, რაც კი რამა აქვს ამ გრძნობას იდეალური, ღვთაებრივი, უზენაესი და უკვდავი.

ნათია თავაძე

ბუნების განცდა ნ. ბარათაშვილის სევდიან პოეზიაში



         ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც რომანტიკოსის, პოეტურ შემოქმედებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბუნების განცდა. საერთოდ, ქართველი რომანტიკოსების ნაწერმოებებში ხშირად მეტად მიმზიდველი ლირიკული პეიზაჟი გვხვდება. ბარათაშვილმა, რაკი სულიერში ვერ იპოვა მეგობარი და მანუგეშებელი, უსულო ბუნებას მიმართა და აქ მოიპოვა ნავთსაყუდელი აღგზნებული და აღშფოთებული მღელვარე სულისათვის. ბუნებამ იგი შეითვისა და მანაც ბუნება შეისისხლხორცა. ასეთი განკაცება, განხორციელება, გასულიერება ბუნებისა იშვიათად თუ შეგხვდება მხატვრულ ლიტერატურაში… ავტორი ბუნებას მიმართავს, როგორც სულიერს საგანს. საოცარია ისა, რომ პოეტი თავის ღვთაებრივ სულს შთაბერავს ამ ბუნებას, მასში სულის თანამოაზრეს ეძიებს და ცოცხალი ადამიანივით ესაუბრება.
           ბარათაშვილმა ბუნება გააცოცხლა, სული ჩაუდგა და ხორცით შემოსა და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი წარსდგა წინ. პოეზია იმ სიმაღლემდის აიყვანა, საცა არის მისი სამეუფო, ესე იგი, ,,მოვლენათა შორის საიდუმლო კავშირის” გამომსახველი გახდა და ქართული პოეზია ფილოსოფიას დაუკავშირა.

           ნ. ბარათაშვილისათვის ბუნების საიდუმლოება ახსნილია, ,,დაფარული შვენება“ მიგნებულია და მის სიდიადეს პოეტი უშუალოდ განიცდის. მისთვის ბუნება ადამიანის მეგობარია, გულისთქმის გამგები და განცდათა მოზიარე. ცხოვრების ამაოებით გულგატეხილი მგოსანი ბუნებაში მისებრ მწუხარე და სევდიან მეგობარს პოულობს, ღრუბლიანი მთაწმინდა გულდახურული ადამიანის მეგობარია, ფიქრთა მფარველი. იგი პირდაპირ მიმართავს მთას:

                                   ,,მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,

                                   კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი

                                   და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს შემოვეტრფოდი,

                                   რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“

            ნ. ბარათაშვილისთვის ბუნება ხან მცინარია და ხან ცრემლიანი, როგორც ადამიანი. მთაწმინდაზე შემოღამება მგრძნობიარე პოეტს საკუთარი გულის მწუხარებას უმახვილებს. მთაწმინდის კალთებს და საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე კითხვებით მოცული მგოსნის გულს ერთნაირი ბინდი აწევთ. პოეტის სევდა-ნაღველი ბუნების გოლიათურ ძილს უერთდება იმისათვის, რათა შემდგომ მათ ერთად გამოიღვიძონ:

                             ,,ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დაშთი ჩემად სანუგეშებლად!

                             როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!“

                             ნიკოლოზ ბარათაშვილმა ბუნებას გაუგო ის, რაც სხვა ქართველი
რომანტიკოსებისათვის მიუწვდომელი ოცნების საგნებად რჩებოდა. მან ბუნებაში გადაიტანა ჩვეულებრივი ადამიანის დამახასიათებელი განცდები და უდროობის ეპოქის კაცის კაცური გულისთქმა უსულო ბუნებაშიც ამოიკითხა.

            რომანტიკოსი პოეტი იმდენად ახლოსაა ბუნებასთან, რომ აცხადებს, რომ მწვანე ჩინარს, ღრუბლიან მთას, ბუნდოვან კლდესა და დაუდეგარ მდინარეს თავიანთი საიდუმლო ენა აქვთ და ისინიც კაცობრიობის უბედურებაზე დუდუნებენ. ლექსში ,,ჩინარი“ ვკითხულობთ:

                           ,,მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

                             და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“

            ბუნების სევდიანი განცდა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში უშუალოდ უკავშირდება საზოგადოდ რომანტიკოსების შეხედულებას ბუნებაზე. გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ ბუნების საიდუმლოებათა ამოკითხვის თვალსაზრისით ბარათაშვილს ქართველ რომანტიკოსებში ბადალი არა ჰყავს.

            ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილმა ბუნებაში ამოიკითხა, ეს არის მეტყველების უნარი. პოეტი გვეუბნება, რომ უსულოთა და უასაკოთა სამყაროსაც თავისებური სასაუბრო ენა მოეპოვება. ეს დიდი განძია ,,მკვდარი“ ან ,,უსულო“ ბუნებისათვის, მაგრამ ამ ნიშნის იქითაც კვლავ დიდი განძი რჩება იმისათვის, რომ ვიყოთ ადამიანი. ბუნებისა და ადამიანის დაახლოების დროს აქტიური, წამყვანი როლი ყოველთვის ადამიანს ეკუთვნის. იგივე აზრია განვითარებული ლექსში ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“. აქ მგოსანი ადამიანის ფიქრთა ბუნებასთან შეერთების უმაღლეს საფეხურს წარმოგვიდგენს. ღელეთა შორის მქროლი ნიავი და ,,ჩუმნი შემოგარენი“ ადამიანის მღელვარე სულს შეეთანხმებიან.
            ბარათაშვილის შემოქმედებაში საინტერესოა ფერთა განცდის საკითხი. იგი პირველი ქართველი რომანტიკოსია, რომელმაც ლურჯი ფერის რომანტიკული განცდა მოგვცა. ალექსანდრე ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნის ლექსი ,,ლურჯსა ფერს, ცისა ფერს...“ ლექსის სათაურიდანაც აშკარად იგრძნობა, რომ პოეტი ცისფერს ეტრფის და არ აღიარებს შავს. ბუნებრივია, რომ საკითხი მაინცდამაინც იმით ვერ გადაწყდება, თუ რას დაუკავშირა პოეტმა მის მიერ აღიარებული ფერი. რასაც არ უნდა დაუკავშიროს მან იგი, ერთი მაინც აშკარაა მგოსანი თავისი სულიერი სიმშვიდის წყაროს ციფერში ფერში პოულობს.

            ალექსანდრე ჭავჭავაძისაგან განსხვავებით ნიკოლოზ ბარათაშვილმა ლურჯი ფერის უპირატესობა აღიარა. მისი აზრით ლურჯი ანუ იგივე ცისა ფერი პირველად ქმნილი ფერია. ამიტომაც არის, რომ დიდი პოეტი სიყრმიდან მას ეტრფოდა და მოწიფულობის დროსაც იმავე ფერისაკენ ისწრაფვის. პოეტი ცისკენ მიიწევს, რომ იქ, ეშხით დამდნარი, ლურჯ ფერს შეუერთდეს.

                                                ,,ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

                                                  პირველად ქმნილსა ფერს

                                                  და არ ამქვეყნიერს,

                                                  სიყრმიდგან ვეტრფოდი.

                                                  და ახლაც, როს სისხლი

                                                  მაქვს გაცივებული,

                                                  ვფიცავ მე, არ ვეტრფო

                                                  აროდეს ფერსა სხვას.“

            ნ. ბარათაშვილის ეს ლექსი მოგვაგონებს რომანტიკოსებისათვის საზოგადოდ დამახასიათებელ ,,ლურჯი ფრინველის“, ,,ლურჯი ყვავილის“ ძიებას, მაგრამ მსგავსებასთან ერთად მგოსანი ამ საკითხშიც განსხვავდება პესიმისტი რომანტიკოსებისაგან. ისინი ჩვეულებრივად წარსულს მისტირიან, აწმყოს უარყოფენ და მომავალს ვერ ხედვენ. მათთვის რჩება მხოლოდ ერთი ,,ოცნების ქვეყანა“. მათი აზრით, რეალური სამყარო ტანჯვისა და უიმედობის მომასწავლებელია, ხოლო ნამდვილი და სანატრელი ცხოვრება იწყება იქ, სადაც რეალური ყოფა მთავრდება.

            ნ. ბარათაშვილი უარყოფს თავის აწმყოს, მაგრამ ამასთანავე იგი მომავლის დიად რწმენასაც სავსებით ნათლად ამჟღავნებს. მისთვის მომავალიც იქ არის, სადაც აწმყო ცხოვრებაა, რომელსაც იგი უარყოფს და ებრძვის. ამაშია მისი უპირატესობა. ის რომანტიკოსების იმ წყებას ეკუთვნის, რომელსაც ეკუთვნიან ბაირონი და ლერმონტოვი და რომელიც ლიტერატურისმცოდნეობაში რევოლუციური რომანტიზმის სახელწოდებით არის ცნობილი. 

გვანცა გამყრელიძე

სიყვარულის  განცდა  ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში

            ნ. ბარათაშვილმა არაერთი შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა სიყვარულს. ის იყო  შემოქმედი, რომელსაც წრფელი გულით შეეძლო მიჯნურობა და ასე ეტრფოდა  ულამაზეს ეკატერინე ჭავჭავაძეს. უმშვენიერეს სტრიქონებს უძღვნიდა ამ ღვთიურ გრძნობას: ,,საყურე,“ ,,ვპოვე ტაძარი“, ,,ჩემს ვარსკვლავს“... და კიდევ არაერთი შედევრი დაუწერია სიყვარულზე. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ერთ-ერთი ლექსი ,,არ უკიჟინო, სატრფოო...“, რომელიც  1841 წელსაა  შექმნილი. ნ. ბარათაშვილი აქ სიყვარულს ღვთიურ უკვდავ  გრძნობად მიიჩნევს. ამით იგი იზიარებს რუსთველის შეხედულებას მიჯნურობაზე და არწმუნებს გულის სწორს, რომ სიყვარულის გამოთქმა ადამიანს არ შეუძლია:  

                                ,,არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულის-თქმა:  

                                მოკვდავსა ენას არ ძალ-უძს უკვდავთა გრზნობა გამოთქმა“.

            ნ. ბარათაშვილი ბუნებაში ეძიებს სიყვარულის განსახიერებას. იგი არ ივიწყებს თავის ამქვეყნიურ მისიას და სურს, ქვეყანას ბედნიერება და  სარგებლობა მოუტანოს:   

                                  ,, მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო, 

                                 საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.    

                                  მინდა, რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,     

                                  რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი. “                     

            აქ თითქოს კვლავ ისმის პოეტის სულის გამოძახილი ადამიანის ამქვეყნიურ დანიშნულებაზე, რომელსაც ბრწყინვალე ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ უძღვნა. მგოსანმა იცის, რომ სიყვარული ამამეღლებული, გამაკეთილშობილებელი გრძნობაა. ის ადამიანს გმირობისთვის, სიკეთისთვის, ბრძოლისთვის განაწყობს.  პოეტს სურს, რომ მის სატრფოს იმდენად სავსე  ჰქონდეს გული სიყვარულით, რომ ქვეყნისთვის ბედნიერება და სიყვარული მოჰქონდეს. იგი  ამაღლებული განწყობით საუბრობს საკუთარ გრძნობაზე და კითხულობს:                                                    

                                    ,,ნუ თუ  ამ სულის წადილსაც რქვა სიყვარული სხვათაებრ?  

                                    მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;                    

                                    მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს 

                                    და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.“

           ადამიანს სწორედ სიყვარული და ქვეყნის სასიკეთო საქმე აქცევს გამორჩეულ პიროვნებად. თუ მისი გულის სწორი არ იქნა მოსილი დიდებული თვისებებით, რომელზედაც პოეტი ლექსში საუბრობს, მაშინ ის ჩვეულებრივ მოკვდავ ბანოვნებს დაემსგავსება. პოეტი ბედნიერია, რომ მისი სატრფო ყველასაგან გამორჩეულია და მარადიულ სიყავრულს ეფიცება მას:  

                                        ,,მაგრამ მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი

                                          და ჩემთა  გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი.“     

           ამრიგად, ნიკოლოზ ბარათაშვილი წარმოგვიდგება სიყვარულის უდიდეს      მეხოტბედ, რომლისთვისაც მიჯნურობა სულის ღვთიურ გამონათებას წარმოადგენს.

            იშვიათია ქართველი მწერალი, რომელსაც პოეტური ხარკი არ მოეხადოს სიყვარულის მოტივისათვის. ამ ასპექტშიც მგოსანი გვევლინება, როგორც ადამიანურ გრძნობათა ღელვის გენიალური  და თანაც სევდიანი მხატვარი.

            კიტა აბაშიძე ბარათაშვილის სატრფიალო ლექსების  შესხებ წერდა: ,,იგი უგალობს სიყვარულში მას, რაც კი რამა აქვს ამ გრძნობას იდეალური, ღვთაებრივი, უზენაესი და უკვდავი. მართალია, ბარათაშვილი ხანდახან იმ სიყვარულსაც დამღერის, რომელიც ქართულმა ლიტერატურამ სპარსეთის კულტურის ზეგავლენით შეითვისა და რომელიც ,,მგრძნობლობას“ სიყვარულისას, მის ხორციელ მხარეს შეეხება, მაგრამ ამასაც რაღაც უცნაური, ზეციური, არამიწიერი ფერი მისცა მან“. პოეტის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ ამ მიწიერ გრძნობას პოეტის გენია ციური ცეცხლით ავსებს და აცისკროვნებს.

            პოეტმა იცის, რომ სიყვარულის ტაძარი ზეცაში არ აშენდება, მისი საფუძველი რეალურ ცხოვრებაში უნდა შეიქმნას, მაგრამ შემდეგ გულანთებული ადამიანი მას აამაღლებს და თვითაც ამაღლდება. სიყვარულის ტაძარს ამაგრებს არა ხორციელი სილამაზე, არამედ მშვენიერება სულისა. პოეტის მიერ სიყვარულის საწყისად ადამიანურობაა მიჩნეული. დიდი ღირსება სწორედ ისაა, რომ მისი ლექსები არასოდეს ადამიანობას არ ღალატობს და ყოველ ცალკეულ ადამიანზე მაღლა დგას. იგი თავის გრძნობათა გამოხატვაში არაჩვეულებრივად გულწრფელია, ბუნებრივია.

            პოეტის აზრით, არსებობს ნამდვილი და არანამდვილი ტრფიალება. ბარათაშვილი პირველის თაყვანისმცემელია, ხოლო მეორისა _ მგმობელი. ნამდვილი და გულწრფელი სიყვარული მიჯნურისაგან თავისებურ ხარკს მოითხოვს, ამ მშვენიერ გრძნობას ერთგვარი დრტვინვაც თან ახლავს. ლექსში ,,ჩინარი“ ვკითხულობთ:

                   ,,ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლიერად, დაიტანჯების მარად მიჯნური,

                   თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფიალებისა ცეცხლი ციური.“

                   ნიკოლოზ ბარათაშვილის შეხედულება, რაც მოყვანილ სტრიქონებშია ჩამოყალიბებული, პირდაპირ ენათესავება ალ. ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის მიერ გამოთქმულ აზრებს, რომლებიც სიყვარულში განასხვავებდნენ ორ მხარეს: შვება-ბედნიერებას, ერთი მხრივ და ჭირთა თმენას - მეორე მხრივ. მიუხედავად ამისა, თითოეული მათგანი, მათ შორის ბარათაშვილიც, აღიარებს, რომ სიყვარულის უღელი ადამიანისათვის მაინც სასურველი და აუცილებელია. ლექსში ,,მიყვარს თვალები“, იგი ამბობს, რომ სიყვარულის ისრით დაკოდილი გული კვლავ მიჯნურისკენ მიიწევს:

                        ,,მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,

                          მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?“

           მსგავსად სხვა რომანტიკოსებისა, ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ სიყვარული აღიარებულია, როგორც გამაკეთილშობილებელი და შთამაგონებელი გრძნობა. ამიტომაც პოეტი სიტურფის ღმერთის მადიდებელია. ლექსში ,,შევიშრობ ცრემლსა“ იგი ამბობს:

                          „ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთი!

                           ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,

                           სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად,

                           და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!“                                                                 

            ამქვეყნიური ადამიანური სიყვარულის გამოხატვის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ნ. ბარათაშვილის ლექსი „საყურე“, რომელსაც არც „სულიერი“ მხარე აკლია, და არც ,,ფიზიკური.“  ეს ლექსი დაიწერა 1839 წ., როდესაც მგრძნობიარე პოეტის რომანი ეკატერინე ჭავჭავაძესთან მოგიზგიზე კოცონივით ღვივოდა. ლექსში ვკითხულობთ:

                         ,,ვითა პეპელა

                          არხევს ნელ-ნელა

           სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

                           ასე საყურე,

                           უცხო საყურე,

           ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

                           ნეტავი იმას

                           ვინც თავის სუნთქვას

           შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

                           შენის შერხევით,

                           სიო -მობერვით

                                            გულისა სიცხეს განიგრილებდეს!“
         ამ სიტყვებში უფრო წინაა წამოწეული ნატიფი მშვენიერება სულისა. ეს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია პოეტის ზოგადსაკაცობრიო იდეალებისა. ბარათაშვილი  თავისებურად კიცხავს იმ ადამიანებს, რომელთაც სიყვარული მხოლოდ გარეგნული სილამაზით შეუძლიათ და „მშვენიერი სული“ კი შეუმჩნეველი რჩებათ. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შესწევს უნარი, რომ ამ წმინდათა წმინდა გრძნობას შესწიროს ყველაფერი. სიყვარულის გმირი ისაა, ვისაც შეუძლია სიყვარულის სამსხვერპლოზე დაუზოგავად მიიტანოს ყველაფერი, რასაც ეს გრძნობა მოითხოვს.

            სიყვარული თვით არის უძვირფასესი განძი. ამიტომ სიყვარულში ადამიანის იდეალს უნდა შეადგენდეს არა სიმდიდრე, ფუფუნება და განცხრომა, არამედ სპეტაკი და მოსიყვარულე გული. ბარათაშვილმა სიყვარულის ასეთი გმირი დაგვიხატა თავის ცნობილ ლექსში “მადლი შენს გამჩენს“.

            პოეტის რწმენით, სიყვარულის ღირსი მხოლოდ ის არის, ვინც თავის გრძნობაში გულწრფელია და უანგარო:            

            ,,მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

             დღისით მზევ, ღამით მთოვარემ, წყნარო და ამოთ ხმიანო!

             შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვცემ შენსა სახელსა;

             დედის ერთა ვარ ნუ მომკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!..

             მე სხვა სიმდიდრე რად მინდა?მე შენი გულიც მეყოფის,

             მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?“

            ადამიანი, რომელიც ამ სიტყვებს გულის სიღრმიდან წარმოსთქვამს, ნამდვილად ღირსია შეყვარებული იყოს. მხოლოდ ასეთ უზადო სიყვარულზე ითქმის, რომ იგი ზეციურ სიმაღლემდე აღწევს და ღვთაებრივობას უსწორდება. ასეთი ადამიანების გვერდით არიან ისეთნიც, რომელთაც უნარი არ შესწევთ სიყვარულის სიდიადეს გაუსწორდნენ და გაუძლონ. ასეთ უმწეო ადმიანებს პოეტმა „ცრუდ მომღერალი“ უწოდა და თქვა, რომ მათ აშიკის ენა ახარებთ, დროებით გატაცებაც შეუძლიათ, მაგრამ მათი გული ნამდვილ კეთილშობილურ სიყვარულს ვერ მიიკარებსო. პოეტი თავის მეგობრებს აფრთხილებდა:

         „არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,

          სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ-მომღერალსა!

                               აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმარებს,

          ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ                                              მიიკარებს!“                                                                                                                                                                              

            ცხოვრებაზე დაკვირვების შედეგად მგოსანი ჭეშმარიტად მაღალი ადამიანური

სიყარულის იდეალს ქმნის. პოეტის შეხედულება თითქმის ყველა ლექსიდან გამოსჭ-

ვივის, მაგრამ ყველაზე უფრო სრული სახით ბარათაშვილისეული გაგება სიყვარულისა მოცემულია ლექსში „რად ჰყვედრი კაცსა“. ლექსის ძირითადი სულისკვეთება  მისი ორიოდე ნაწყვეტიდანაც შეიცნობა. ბარათაშვილი წერს:    

    ,,სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების

      და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,

      აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,

      ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!..

      თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,

      მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.

      მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,

      ზეგარდმო მადლით, დაუხსნელად დამტკიცებულსა!“ 

               ნიკოლოზ ბარათაშვილის შეხედულება სიყვარულზე მოყვანილ სტრიქონებში მთელი სისრულით არის გადმოცემული. მგოსანმა ერთმანეთს დაუპირისპირა წარმავალი სილამაზე და ფუქსავატი აშიკობა, ერთი მხრივ, ჭეშმარიტად ადამიანური და საუკუნო ტრფიალება - მეორე მხრივ. რაღა თქმა უნდა, გენიალური პოეტის მიერ სიყვარულის გაგებაში შეტანილი სიახლე მისი მაღალი, საკაცობრიო იდეალების უშუალო გამომხატველია.

თამარ თავბერიძე

ბარათაშვილის ფიქრები და ოცნებები

          ნ. ბარათაშვილის პოეტური შემოქმედება ზოგადსაკაცობრიო იდეალების სიმაღლეზე დგას. იგი საზოგადოდ ადამიანის გულისთქმას პასუხობს. ეს არის მისი სიდიადის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი.

პოეტის უმაღლეს მისწრაფებებს, მისი სულის ობლობასა და მისივე თავგანწირულ საბრძოლო ძიებას საფუძველი მაინც მშობლიური ქვეყნის სინამდვილეში აქვთ. ბარათაშვილის პოეტურ ფანტაზიას საზრდოს აძლევს მისდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობა.

          ბარათაშვილის ლირიკა ნაყოფია იმ საზოგადოებრივი პირობებისა, რომლებიც მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლების ქართველი ერის ცხოვრებას ახასიათებდა. დიდმა პოეტმა მშობლიური ქვეყნის მდგომარეობა და საკუთარი სულის მოძრაობა, ფიქრი და მისწრაფებანი, ზოგადსაკაცობრიო მისწრაფებათა სიმაღლეზე აიყვანა. ილია ჭავჭავაძე სამართლიანად ამბობდა, რომ ბარათაშვილის დიდმა პოეტურმა ნიჭმა შეძლო, თავისი ლექსების ლირიკული გმირისათვის ეროვნული ფარგლები გაერღვია, რათა ქართველი კაცის ფიქრი და მისწრაფებანი საზოგადოდ ადამიანის უმაღლეს მისწრაფებათა ფართო გზაზე გაეყვანა.

         მგოსანს  სიყრმიდანვე მოსვენებას არ აძლევდა ,,ხმა საიდუმლი” და  ,,ხმა საკვირველი”, გულისა ნაღვლით აღმავსებელი, რომელიც უღვიძებდა თავში ათასგვარ მწარე ფიქრებს, სულსა და გულს უშხამავდა.  ეს ხმა, ეს ,,სული ბოროტი”, ბოლოს მან დასწყევლა, როგორც ,,სულის მშვიდობის წარმღები, ყმაწვილის ბრმა სარწმუნოების მომკვლელი, სული აღმშფოთი, წრფელ ზრახვათა მომხიბლველი და აღმრევი”, რომელმაც მგოსნის ,,გულის თქმანი იმსხვერპლა” და დატოვა ,,უსაგნოდ, მარტო, ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი”. პოეტი პირდაპირ მიმართავს ბოროტ სულს:

            ,,სულო ბოროტო ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,

              ჩემი გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?

              მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,

              რისთვის მომიკალ ყმაწვილის ღრმა სარწმუნოება?“

       ასეთია ბარათაშვილის დროინდელი სინამდვილისადმი შეურიგებლობის განწყობილება, რომელიც  პოეტმა ასე მკაფიოდ გამოხატა ლექსში ,,სულო ბოროტო“.

           უდიდესი გამომხატველი ბარათაშვილის სულის განწყობილებისა მისი ,,მერანია”, ქართულის ლიტერატურის მარგალიტად მიჩნეული.  აქ ვხედავთ პოეტს, რომლის გრძნობათა აღრევასა და აღშფოთებას, სულის ობლობას და მარტოობას იმ სიმწვავემდის მიუღწევია, რომ არად მიაჩნია მოშორდეს მამულს, „მოაკლდეს სწორთა და მეგობარსა,“ აღარ იხილოს მშობელი და სატრფო „ტკბილ-მოუბარი”, არად მიაჩნია, თავის მამულში არ დაიმარხოს წინაპართა საფლავთა შორის, სატრფომ გულისამ არ დაიტიროს, დაე, შავმა ყორანმა გაუთხაროს საფლავი ,,მდელოთა შორის ტიალის მინდვრის” და ქარიშხალმა ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით მიწა მიაყაროს; მას იმედი აქვს:

,, ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება

  და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;

  და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს

                  და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს."                                                                                       

          მხოლოდ ეს სტროფიც ეყოფოდა ბარათაშვილს უკვდავებისთვის. მაინც დაიმსახურებდა უდიდესი პოეტის სახელს, რადგან ამ ლექსშია გამოთქმული უდიდესი და უღრმესი გრძნობა გულით დათუთქული ზნეობით აღსავსე ადამიანისა. მგოსანს, რომელიც ხელსა ჰკრავს მას, რაც კი შეადგენს კაცის ,,ცხოვრების განმაცხოველებელს", მხოლოდ ერთი წადილი დარჩენია _ მომავალ თაობას ,,სიძნელე გზისა გაუადვილდეს,” შეაძლებინოს, შეუპოვრად შეებრძოლოს შავ ბედს.

         ნ. ბარათაშვილის ბუნებით ოპტიმისტი იყო, მას მუდამ სწამდა, ,,რომ გატენდება დილა მზიანი და ყოველ ბინდსა ის განანათლებს...“ თუმცა ზოგ ლექსშო სევდასთან ერთად პესიმიზმსაც ეძლევა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მისი ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას“. ამ ნაწარმოებში ბარათაშვილი, როგორც დიდი რომანტიკოსი პოეტი, მთლიანად იგრძნობა. ლექსსი თავს იჩენს რომანტიკოსებისათვის დამახასიათებელი მოსასვენებელი ადგილის ძიება და ბუნების კულტი; გამოსახულია ადამიანის შინაგანი სამყარო მთელი თავისი მისწრაფებებით და ბოლოს პოეტი იძლევა დასკვნებს ცხოვრების სინამდვილესთან პიროვნების დამოკიდებულებაზე.

ნ, ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ ძალიან წააგავს მიხეილ ლერმონტოვის ნაწარმოებს ,,სასაფლაო“, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბარათაშვილის ლექსში მეტია წმინდა ფილოსოფიური მსჯელობა ცხოვრების რაობაზე. მსგავსება განსაკუთრებით საგრძნობია ლექსის დასაწყის სტრიქონებში. ლერმონტოვის ლექსი იწყება ასე:

               ,,სასაფლაოზე გუშინ ვიჯექ დაღამებამდი

              და გავცქეროდი, გავცქეროდი მე ირგვლივ დარდით

              მდუმარ მიდამოს, ძლივს ვარჩევდი ნახევრად წაშლილ

             სიტყვებს ლოდებზე,

              უნებლიედ ფიქრები თავში

              ისევ დაგროვდნენ ჩაფიქრებულს არ ჰქონდა ძილი,

              რომ ხავსიანი ლოდებისთვის წამერთვა თვალი!“  

        მიხეილ ლერმონტოვის ეს სტრიქონები აშკარად მოგვაგონებს ლექსს ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ დასაწყისს. ორივე პოეტი ცდილობს ცხოვრების სინამდვილიდან გასვლას ,,ფიქრთ გასართველად“, მაგრამ პოეტების მღელვარე სული მოსვენებას ვერც იქ პოულობს. ლერმონტოვსგან განსხვავებით, ბარათაშვილს მრავალდროების მოწამე მტკვრის დუდუნი არსებული სინამდვილის ამაოების შეგრძნებას უმახვილებს:

            ,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

              აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

              აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

              აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით.“

       პოეტი მდინარის პირას მიდის, რომ ცხოვრებაში განაწამებ სულს მოსვენება მისცეს. საზოგადოდ რომანტიკული მიმართულების მწერლებისათვის დამახასიათებელია ყოველდღიური ჭირ-ვარამის დასავიწყებლად ბუნების წიაღში გასვლა. ისინი ბუნებაში სულიერად ისვენებენ. მგოსნის მიერ ბუნების სევდიანი განცდა უფრო შორს მიდის. იგი ბუნებას წარმოგვიდგენს როგორც გულდახურული ადამიანის მეგობარს, მისი ჭმუნვის თანამოზიარეს, მაგრამ არა როგორც საშუალებას ,,ობოლი სულის“ მკურნალობისათვის.

       ნ. ბარათაშვილის ლექსში სწორედ ეს სულიერი ტრაგედიაა გამოსახული. მის სტრიქონებში ჟღერს გულისთქმა მთელი პროგრესული კაცობრიობისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მონობისა და სიბნელის წინააღმდეგ იბრძოდა. მგოსანი შთამბეჭდავად ამბობს:

            ,,არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

              რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..

              მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,

              თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

              ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,

              და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?“

     ადამიანის სულის ტრაგედიის ამაზე ძლიერი გამოხატვა შეუძლებელია. აქ ბარათაშვილი ნამდვილად გვევლინება, როგორც ადამიანის სულის უბადლო მკურნალი. პოეტი გვეუბნება, რომ ადამიანი ცხოვრებაში არასოდეს არ არის კმაყოფილი. მისი აზრით, ადამიანის მისწრაფება აღუვსებელი საწყაულია, არა თუ ჩვეულებრივი მომაკვდავნი, არამედ თვითონ მეფენიც ვერ არიან თავიანთი მდგომარეობით კმაყოფილნი: მათი ცხოვრებაც სავსეა შფოთვითა და მოუსვენრობით.

ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ ცხოვრებაში დარჩენისა და ბედის უკუღმართობასთან აქტიური ბრძოლისაკენ მოწოდებით მთავრდება. სინამდვილესთან შეურიგებელი მგოსანი ადამიანებს შთამაგონებლად მიმართავდა:

            ,,მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,

              უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

              არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

              იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“

   ნ. ბარათაშვილის ღრმა რწმენით, ადამიანებმა ცხოვრების მდინარებას კვალდაკვალ უნდა მივდიოთ. უნდა ვიცხოვროთ არა პასიურად, არამედ აქტიური ზრუნვითა და ბრძოლით. შემთხვევითი არ იყო, რომ ეს სტროფი განსაკუთრებით მოსწონდა ილია ჭავჭავაძეს. ეს დიდი შემოქმედი მასში ადამიანური არსების უმთავრეს აზრსა და ყოველი პიროვნების იდეურ კრედოს ხედავდა.

ნათია თავაძე

Education

ნ. ბარათაშვილის უპირველესი საზრუნავი _ ბედი ქართლისა

(პოემა ,,ბედი ქართლისა“)

         ნიკოლოზ ბარათაშვილის კალამს ეკუთვნის მეტად საინტერესო პოემა ,,ბედიქართლისა”, რომლშიც აშკარად წარმოჩინდა პოეტის არამართო პატრიოტული გრძნობები და ეროვნული თვითშეგნება, არამედ პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისა და ცხოვრებისეული პრობლემების რეალისტურად დანახვისა და გონივრული განსჯის უნარი.

აქ ცხადად ჩანს, როგორ სტკიოდა პოეტის სულს ,,ბედი ქართლისა“. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქაში მეტად აქტუალური იყო საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხი. მოწინავე ინტელიგენცია გამუდმებით მსჯელობდა ქვეყნის უმთავრეს პრობლემაზე _ სწორად მოიქცა თუ არა ერეკლე მეფე, დახმარება რუსეთს რომ სთხოვა და მართებული იყო თუ არა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა VIII – XIX საუკუნეთა მიჯნაზე. 1832 წლის შეთქმულების მარცხმა უფრო გაამძაფრა კამათი ამ საკითხის გარშემო. მთელი სიმწვავით იდგა საკითხი, თუ როგორ უნდა წარმართულიყო საქართველოს ისტორიული ბედი. ამ პრობლემას უძღვნა მგოსანმა თავისი ცნობილი პოემა ,,ბედი ქართლისა“ და რამდენიმე ლექსი.

         ,,ბედი ქართლისა“, როგორც ლიტერატურული ძეგლი, ჭეშმარიტად განსაკუთრებული მოვლენაა ახალ ქართულ მწერლობაში.საყურადღებოა ერთი ისტორიული ფაქტი: 1895 წლის შემოდგომაზე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით კრწანისის ველზე, იქ, სადაც ასი წლის წინათ სისხლისღვრა მოხდა, გადახდილ იქნა პანაშვიდი სამშობლოსათვის დახოცილ გმირთა მოსახსენებლად. 11 სექტემბერს კრწანისის ველზე აღმართულ კარავთან შეიკრიბა ათასობით ადამიანი. აქ იყვნენ თბილისელი ამქრები, მუშები და მოსამსახურეები. პროვინციიდანაც ჩამოსულიყვნენ საგანგებოდ ამ შემთხვევის გამო. კრწანისი ბრძოლისადმი საზოგადოების დიდმა ინტერესმა გამოიწვია ის, რომ პოემა იმთავითვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

          პოემა ,,ბედი ქართლისა“ ისტორიულ ფონზე იშლება. ნაწარმოების თემად აღებულია 1795 წლის კრწანისის ტრაგედია. 1795 წლის ომი და აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრება ახალი საქართველოს ისტორიაში დარჩა, ერთი მხრივ, როგორც მწარე მოგონება, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ქართველთა გმირობისა და მამაცობის გამომხატველი მოვლენა.

       ნიკოლოზ ბარათაშვილი თვისებური ოსტატობით გვიყვება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ტრაგიკულ მომენტს და ძველი საქართველოს იდეალიზაციას კი არ ახდენს, არამედ უდიდესი სიზუსტით ხატავს ისტორიულ მოვლენებს, თან თავისებურ ინერპრეტაციას უძებნის შექმნილ სიტუაციას. აქ ნ. ბარათაშვილი წარმოგვიდგება, როგორც პირუთვნელი მხატვარი, სამშობლოს მომავლის ბედისმაძიებელი მოაზროვნე პოეტი და მოქალაქე.

      ნიკოლოზ ბარათაშვილმა ძველი საქართველოს დასასრული კრწანისის ველს დაუკავშირა; პოეტურად დაგვიხატა ქართველების მიერ გადახდილი უკანასკნელი დიდი ომი და ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის შედეგებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ქართლის ბედი.

         ,,ბედი ქართლისა“ ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პირველში გადმოცემულია კონკრეტული ისტორიული ფაქტები, ხოლო მეორეში მხატვრულად განხილულია საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.

         თბილისის ახლოს, კრწანისის ველზე, დაბანაკებულია ქართველთა ლაშქარი. ისინი მოელიან ომს აღა-მაჰმად- ხანის მრავალათასიან ლაშქართან. პოემას ლირიკული შესავალი აქვს, თავად პოეტი მიმართავს კახელებს, როგორც პატარა კახის აღმზრდელებს და სთხოვს ,,ყარიბი მგოსნის“ მოგონებას. მიმზიდველი ფერებით არის დახატული მეფე ერეკლეს სახე, ის ბრძოლის სურვილით ანთებს მებრძოლთა გულებს. იგი ვაჟკაცობისა და გმირობის სულს უდგამს ყველას. მის პიროვნებაში გაერთიანებულია დიდი მხედართმთავარი და თავისი ხალხის მიმართ მშობლიურად მზრუნველი მეფე-პატრონი.

          ერეკლეს გამოჩენა და მისი მოწოდება აღფრთოვანებას იწვევს ქართველ მებრძოლებში:

                        ,,შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,

                          რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!“

                        შებღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით:

                        ,,ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით,

 ოღონდ შენ იყავ მეფევ დღეგრძელი"                                         

      პოეტი წინასწარ ქმნის განწყობას და გვიჩვენებს, რომ ამ მტკიცე, ურყევი და მამობრივად მზრუნველი მეფის ყოველი მოქმედება სამართლიანობის გამომხატველია. მისი ყოველი ნაბიჯი, სამხედრო თუ პოლიტიკური მნიშვნელობისა, სანდოა, და საიმედო. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მშიერი ლომებივით შეებნენ. ბრძოლის ყიჟინა, ხმლების ჯახანი, დაჭრილთა კვნესა და მომაკვდავთა გმინვა ისმოდა მთელი დღის განმავლობაში. მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან უთანასწორო ბრძოლაში ქართველი მეომრები სამშობლოსათვის თავდადებისა და თავგანწირვის იშვიათ მაგალითებს იძლეოდნენ. ბოლოს, სხვაგვარად რომ ვერას გახდნენ, ისინი ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდნენ:

                        ,,რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე,

                          მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,

                          ხმალს ხელი იკრეს მამაპაპურად

                          და დაერივნენ თავისებურად!“

       ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მეფე ერეკლეს ეს გამარჯვება არ ახარებს, რადგან ,,მრავალთ ყმაწვილთ-კაცთ ნუგეშთა ქართლის“ ბრძოლის ველზე პოვეს სამარე. ისედაც მცირერიცხოვანი ქართველთა ლაშქარი კიდევ უფრო შემცირდა. აღა-მაჰმად-ხანი სამი დღე-ღამის განმავლობაში მრავალრიცხოვანი ძალებით თავს ესხმოდა ნარიყალას ციხეში გამაგრებულ ქართველებს, მაგრამ ვერაფერს აკლებდა. გულგატეხილი და შერცხვენილი აღა-მაჰმად-ხანი უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველთა ბანაკში იუდა გამოერია და ,,მამულს სიმტკიცის ბჭენი“ აჰყარა. ციხე შიგნიდან გატყდა. ქალაქი დაეცა, მეფე ერეკლემ თავი მთიულეთს შეაფარა, ხოლო აღა-მაჰმად-ხანის ურდოები თბილისში შემოიჭრნენ. ამაზე პოემაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ მოღალატეს სამაგიერო მიეზღო და ხალხური ლექსი გვამცნობს: ,,ყორღანის ძე ქარაფიდან ხელი კრეს და გადაფრინდა“

       მძვინვარე აღა-მაჰმად-ხანმა რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისი ააოხრა. ბოლოს ნადავლ-ნაძარცვით საქართველოდან წავიდა. მცირე ხნის შემდეგ თბილისში ისევ სიცოცხლე განახლდა. მხცოვან ერეკლეს კიდევ მოუხდა მცირე მასშტაბის რამდენიმე ომის გადახდა, მაგრამ ქართლის ბედი მაინც იქ, კრწანისის ველზე გადაწყდა: ქართველი მეფის შეგნებაში საბოლოოდ მომწიფდა აზრი რუსეთთან შეერთების აუცილებლობისა. ეს არ ყოფილა სინამდვილე, ერეკლეს არასოდეს უფიქრია სამეფო ტახტის სხვისთვის გადაცემა, მაგრამ ბარათაშვილს, როგორც თავისი ეპოქის ღირსეულ შვილს, აწუხებდა მაშინდელი საზოგადოების წინაშე მდგარი უმთავრესი კითხვა: რამ დააკარგვინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ერეკლე მეფის არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა, არასწორმა შინაპოლიტიკამ, თუ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გაძლიერებამ და მისმა თავხედობამ.

           ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის პოემას ასე ამთავრებს:

                                    ,,ქალაქი ისევ ჩქარა აშენდა,

                                      თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა.

                                      წარვიდნენ წელნი მოსვენებისა

                                      და კვლამ ირაკლიმ ხმალი ბრძოლისა

                                      აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!

                                      არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად.

                                      სიბერის ჯამსა მოიცა ძალი

                                      და შეაძრწუნა კვალად ოსმალნი;

                                      კვლავ ასახელა თავის სახელი;

                                      მაგრამ ამაო იყო ყოველი:

                                      დიდი ხანია გულს ირაკლისა

                                      გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!“ 

       კრწანისის ველზე დამარცხების შემდეგ მეფე ერეკლემ საბოლოოდ გადაწყვიტა ქართლის ბედი. ასეთია ნაწარმოების შინაარსი.

       ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის უმთავრესი საკითხი იშლება პოემის მეორე კარში. თხრობაში შემოდის მეფის ერთგული მსაჯული სოლომონ ლიონიძე, ,,ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული“ პიროვნება, სოლომონ ქველი, ,,მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი...“

         ორი დიდი პიროვნების - ერეკლესა და სოლომონ მსაჯულის დაპირისპირებით, ნ. ბარათაშვილი ნათლად გვიხატავს იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის მოძრაობას, ძიებას, ჭიდილსა და დრტვინვას სამშობლოს ბედზე. პატარა კახი თავის მსაჯულთან ერთად არაგვის ხეობაშია. ხალხი მტრისაგან აოხრებულ მამულს გლოვობს, ხოლო ერეკლე და სოლომონი მსჯელობენ იმაზე მსჯელობენ, თუ რით, რა საშუალებით იხსნან საქართველო ,,ამ უბედობის და დარღვევის დროს“.

         ეს არის პოლიტიკურ მოღვაწეთა ბჭობა, თათბირი რომელმაც ქვეყანა დაღუპვისგან უნდა იხსნას. მათი, როგორც ეროვნული მოღვაწეების, პირდაპირი მოვალეობაა მშობლიურ ქვეყანას ომისაგან მიყენებული ჭრილობები მოუშუშონ და მომავალი ცხოვრების პერსპექტივა დაუსახონ. ერთი სიტყვით, ამ ადამიანთა მსჯელობაში ქვეყნისა და ხალხის ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყდეს.

     მეფე ერეკლე, ვიდრე საკუთარ განძრახვას იტყოდეს, მსაჯულს მოაგონებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ერეკლე კარგად ითვალისწინებს გართულებებს, რომელნიც ამ დამარცხებას შეიძლება მოჰყვეს. მისი აზრით კრწანისის ველზე გამარჯვებით გათამამებული აღა-მაჰმად-ხანი ქართველებს არც ამის შემდეგ მოასვენებს. ეს ხმა ,,ლეკთაცა აგვიყაყანებს, ოსმალო მხოლოდ დროს შემოჰყურებს.“ ამავე დროს ყმანი მისნი ,,ურთიერთს ბძარვენ“. ერეკლე ქვეყანაში ვერ ხედავს საიმედო ადამიანს, ,,რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს“.საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი. მეფის აზრით, საქართველომ ძლიერი მოკავშირე უნდა გაიჩინოს, რათა აიცდინოს საფრთხე, რომელიც მას ახალი სისხლისმღვრელი ომებით ემუქრება. ეს ერთადერთი გამოსავალია ქვეყნისათვის.

     აქვე სავსებით ბუნებრივად აღიძვრის კითხვა, თუ ვის, რომელ ქვეყანასა და ხალხს უნდა დაუკავშირდეს საქართველო? მეფე ერეკლეს აზრით საქართველოსათვის ასეთი მოკავშირეობის გაწევა მხოლოდ რუსეთს შეუძლია:

                        ,,დიდი ხანა გვაქვს ჩვენ ერთობა,

                          მტკიცე კავშირი, - სარწმუნოება,

                          მას მინდა მივცე მემკვიდრეობა,

                          და მან მისცეს ქართლს კეთილდღეობა!“  

  ერეკლეს განზრახვა მოულოდნელიაღმოჩნდასოლომონისათვის. მასვერწარმოედგინა, თუერეკლესაქართველოსდამოუკიდებლობასდათმობდა. მსაჯულიწინააღმდეგიარუსეთთანშეერთებისა, მაგრამარამხოლოდიმიტომ, რომსაქმე რუსეთს ეხება, არამედ იგი საზოგადოდ წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყანა ერეოდეს. მას ძველებური დამოუკიდებლობა სწადია. მეფე ერეკლეს წინადადებას სოლომონი განცვიფრებული ხვდება. ის ცდილობს, დაუმტკიცოს მეფეს, რომ ცდება. მას აშინებს, ვაითუ რუსმა ქართველი ვერ შეითვისოს და მათმა ხელმწიფობამ ქართველთა ნება-სურვილი არ შეიწყნაროს.

,,ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს

                        რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:

                         ვით შეითვისოს რუსმა ქართველი;

                        ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,

                         რაც მოისურვოს ქართველობამა?“

      ამ მსჯელობის მომენტში მკითხველი უშუალოდ განიცდის ერეკლეს პიროვნებას. იგი წარმოგვიდგება არა როგორც მეფე პირადი განდიდებისათვის ,,სისხლთა აღმჩქეფე“, არამედ როგორც მეფე-პატრონი, ქვეყნისათვის მზრუნველი მამა, რომელიც მოწადინებულია შვილი თავის სიცოცხლეშივე დაასახლკაროს. მეფე ერეკლე სოლომონ მსაჯულს მიმართავს:

                                                    ,,ახლა კი დროა, სოლომონ, რომა

                                                      მშვიდობა ნახოს საქართველომა.

                                                      მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის

                                                      ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის.“

        ერეკლე მეფის ეს სიტყვები სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ქართლის ბედზე კამათი დაემთავრებინა, მაგრამ მგოსანი აქ არ ჩერდება და პოემაში კიდევ ერთი მეტად საინტერესო პერსონაჟი შემოჰყავს, სოლომონ მსაჯულის მეუღლე _ სოფიო.

           პოემაში სოფიოს მხოლოდ ერთხელ ეძლევა სიტყვა სოლომონის საპასუხოდ, მაგრამ მის სიტყვაში ზნემაღალი და პატრიოტი ადამიანის მთელი შეგნებაა ხორცშესხმული. იგი მწარე ტკივილებით განიცდის ,,უცხოობაში“ შესვლის საფრთხეს. მისი აზრით, რუსეთთან შეერთებას შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ქართველი უნდა ქართველად ცხოვრობდეს.

          სოფიოს, როგორც უანგარო და პატიოსანი ქალის, უშუალო განცდა კარგად არის მოცემული მისივე სიტყვებში:

,                                                 ,რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,

                                                   გალიაშია დატყვევებული?“ 

           სოფიოს ეს სიტყვები მაღალი ჰუმანური გრძნობების შემცველია. ნიკოლოზ ბარათაშვილმა ამ ქალს შესანიშნავი ლირიკული სტრიქონები უძღვნა და სოფიოს მსგავსი ქალები ახალი ეპოქის ნატვრად დასახა:

                                                    ,,ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,

          კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!

                                                     რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ

                                                     სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ!

                                                     ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი

                                                     მამულს ასული ახლა თქვენგვარი?“

            პოემა ,,ბედი ქართლისაში“ ორი ძირითადი ბანაკია წარმოდგენილი: ერთი მხრივ ერეკლე, მეორე მხრივ - სოლომონი და სოფიო. მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ეს არის სამშობლოსათვის უანგარო თავდადება, მაგრამ მომავლის ძიების საქმეში მათი გზები არსებითად განსხვავდება.

        მოწინააღმდეგე აზრთა ჭიდილში, როგორც ცნობილია, მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებამ გაიმარჯვა. ქართველი ერის ბედის ძიება იმით დამთავრდა, რაც ერეკლეს გულმა გადაწყვიტა.

      ნიკოლოზ ბარათაშვილმა პოემა აქ დაამთავრა და მომდევნო ამბებზე აღარაფერი უთქვამს. ,,ბედი ქართლისაში“ მგოსანს უნდოდა გადმოეცა ისტორიული ფაქტი ქართლის ბედის გადაწყვეტისა. პოემაში არაფერია ნათქვამი იმ ვითარებაზე, რომელიც ქართლის ბედის ამგვარად გადაწყეტას მოჰყვა. პოემის იდეას თავისებურად ეხმიანება ნ. ბარათაშვილის ლექსი ,,სუმბული და მწირი“, რომელშიც თავისუფლება უმაღლეს პიროვნულ ღირებულებადაა აღიარებული, თუმცა ლექსში ,,საფლავი მეფისა ირაკლისა“ ნ. ბარათაშვილი ერეკლეს გადაწყვეტილებას სხვაგვარ შეფასებას აძლევს და აცხადებს:

                                            ,,თაყვანსვსცემშენსანაანდერძებს, წინასწარადთქმულს!

                                            გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?

                                            აჰა,აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,

                                            და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.“

         თუმცა ნ. ბარათაშვილის შემოქმედების ანალიზისას გვიჩნდება აზრი, რომ ის ეთანხმებოდა თავის მგოსან ბიძას_გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ერეკლეზე თქვა:

,,მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს,

დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!“

მართლაც ერეკლესთან ერთად დაიმარხა ძველი ივერიის დიდება.

ეკატერინე ნანავა

ილია და ბარათაშვილი

       საქართველოს ტრაგიკული ისტორიის მანძილზე არერთი ხელოვანის სახელი შთაუნთქავს ძნელბედობას და დავიწყების ბურუსში გახვეულა არაერთი ღირსეული პიროვნების ნაღვაწი თუ ნამოქმედარი. სწორედ ეს ემუქრებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილსაც, რომ არა ილია ჭავჭავაძისა და ეკეტერინე ჭავჭავაძის შეხვედრა პეტერბურგში. სამეგრელოს ამაყი დედოფალი, რუსეთის საიმპერატორო კარის წარჩინებული ფრეილინა და 23 წლის ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი, რომელსაც ჯერჯერობით არავინ იცნობდა, მაგრამ ეს იყო ქაღტული ეროვნული სულითა და დაუშრეტელი პატრიოტული ოცნებებით აღსავსე ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკუთრ თავში სამშობლოსთვის შესაწირ ენერგიას გრძნობდა.
 

        ... და აი, ეკატერინე, რომელსაც ცრემლი მოჰგვარა სიყრმის წლების მოგონებამ ილიას, თავის ღირსეულ მოგვარეს, გადასცემს ახალგაზრდობაში ბარათაშვილის მერ ნაჩუქარ ალბომს. ეს არის ავტორის ხელით გადაწერილი ლექსიები, მიძღვნილი თავისი უდიდესი სიყვარულისადმი. ყოველ სტრიქონში, ასოების მონახაზშიც კი იგრძნობა ჭაბუკი პოეტის სულის სინატიფე, სიწრფელე, დაუწერელი ლექსებისა და აუხდენელი ოცნებების ხიბლი და სევდა. ილია ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბარათაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას და, როგორც დღეს იტყვიან, მან აღმოაჩინა ბარათაშვილი, როგორც დიდი მგოსანი. ნიჭიერმა ადამიანებმა ყოველთვის იციან სხვისი ნიჭის დაფასება, სეწორედ ეს შემთხვევა  იყო მაშინ. ილიას დიდი დამსახურებაა, რომ საქართველომ არ დაკარგა კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის შემოქმედი.

ნათია თავაძე

ნიკოლოზ ბართაშვილის პორტრეტები

        ნიკოლოზ ბარათაშვილი. ლადო გუდიაშვილი. 1941 ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ მის დებთან პოეტის და გეროტიპი (ფოტოგრაფირების ძველი ხერხი) ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს, გვარად დუბელირს გადასცა გასამრავლებად, მაგრამ სწორედ იმდღეებში ხანძარი გაჩნდა, ეს ფოტოატელიეც გადაიწვა დ აბარათაშვილის სურათიც შეიწირა.

   გიორგი თუმანიშვილმა სცადა, სურათი თავისი მამის მიხეილ თუმანიშვილის (1818 – 1975) არქივში მოეძებნა. მან იპოვა ნახევარი თაბახის სქელი თეთრი ქაღალდი, რომელზეც ორიმამაკაცი იყო გამოსახული, ხელით მიწერილი ჰქონდა ინიციალები–“НБ.” პოეტის თანამედროვეებმა სცნეს, რომ იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი იყო, მაგრამ ,,არცთუ ისე მოსწრებული.”

ნიკოლოზ ბარათშვილი _ მიხეილ თუმანიშვილის არქივიდან

                 ,,თუმანიშვილისეული სურათი”ჯერ კიდევ 70–იანი წლების ბოლოს ხელთ ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს. ჩანახატმა გაიარა ავტორიტეტული ექსპერტიზა და ამ სურათს არ მისცეს ვიზა დასაბეჭდად. მიუხედავად ამისა, თუმანიშვილისეულ ჩანახატს ნიკოლზ ბარათაშვილის სახის აღდგენის საქმეში მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ცნობილია მისადმი პოეტის დების დამოკიდებულება.

          მოსე თოიძე წერს, რომ ბარბარე სამესკიზში თავისი ძმა უცვნია და მიუხედავად პოეტთან მისი მცირე მსგავსობისა, მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს ჩანახატი ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

          იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცულია წერილი სათაურით: ,,ნიკოლოზ ბარათაშვილის  პორტრეტისათვის”, რომელიც დღემდე გამოუქვეყნებელია. მის მიხედვით პოეტის პორტრეტის აღდგენის იდეა გაჩნდა 1901 წელს, როდესაც ტ. მომცემლიძემ დახატა“ჯგუფი ქართველ მწერალთა”. მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ დროს ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის, სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა, იგი ეყრდნობოდა დიმიტრი ყიფიანისშვილის,  კოტეს მოგონებას: ,,სოფიო, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ნიკოს, ისე, რომ სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა ტუჩებზე, ვერ გაარკვევდით ეს მართლა სოფიო არის, თუ ნიკო ბარათაშვილი.”ვინაიდან სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, ზაქარია ჭიჭინაძემ გამონახა სოფიოსსურათი და ცდილობდა, ამ პორტრეტიდან შეექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახე.

ზაქარიამ ეს სურათი გადასცა იასონ ციციშვილს, მაგრამ მისმა პრიმიტიულმა ნახატმა ვერ დააკმყოფილა ზ. ჭიჭინაძე და მან ეს სურათი გადასცა ახალგაზრდა მხატვარს მანჯავიძეს…შემდეგ ეს ფანქრით ნახატი სურათია ჩვენთან. ბარათაშვილის მეგობრებს, რომელთაგან ზოგი წინ აღუდგა ასეთ მკვრეხელობას, ზოგმა კი შესწორება შეიტანა და მანჯავიძეს მოუხდა, რამდენჯერმე შეესწორებინა სურათი. როგორც ჩანს, საზოგადოება თხოულობდა ლამაზი პოეტის სახეს და ეს სურათი მათთვის მიუღებელი იყო.

1904 წ. ,,მოგზაურის” რედაქტორმა ივ. როსტომაშვილმა ხელის მომწერთა შორის“ბარათაშვილის პორტრეტი”გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ამ პორტრეტს საერთოდ კავშირი არ ჰქონდა ბარათაშვილთან– 1933 წელს “სალიტერატურო გაზეთში”დაიბეჭდა ი. ავალიშვილის მოგონება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პორტრეტის ისტორია გაირკვა. მასზე აღბეჭდილი პიროვნება აღმოჩნდა ალექსანდრე დავითისძე ციციშვილი, იასონ ციციშვილის ძმა.

იასონ ციციშვილის მიერ პოეტის დის სახიდან შექმნილი ნახატი კი, როგორც ჩანს დაიკარგა და ზაქარია ჭიჭინაძე თავსი მართლებდა ,,რაუშავს, რომ არა გვაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი? თუ არა გვაქვს, უნდაშევქმნათო.”

ასეთივე დამოკიდებულება გაგრძელდა შემდგომ და ნიკოლოზ ბარათაშვილი დღევანდელ თაობას მზეჭაბუკად წარმოუდგენია.

1938 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავზე გაზეთებში დაიბეჭდა ლ.გუდიაშვილის მიერ შესრულებული პორტრეტი.                           
           
ლადო გუდიაშვილის პორტრეტს საფუძვლად დის–სოფიოს, პორტრეტი დაედო. მხატვარმა დღეისათვის დაკანონებული პორტრეტის შექმნამდე პოეტის სახის არაერთი ვარიანტი შექმნა. ერთ–ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე ძლიერ ჰგავს დას, დღემდე არსად არ დაბეჭდილა და უცნობია საზოგადოებისათვის (ინახება ლიტ. მუზეუმში).



















           1955 წელს ლადო გუდიაშვილმა პოეტის ახალი პორტრეტი შექმნა, რომელიც მისი პოეზიის ემოციური ზეგავლენით არის შესრულებული.

         1938 წელს დიდუბიდან მთაწმინდაზე გადასვენებისას შემოწმდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი და პოეტის ჩოჩხიც, მათ შორის ქალაც, რომელიც მთლიანად შენახული აღმოჩნდა.

ეს იდეა წამოაყენეს კიდეც 1956 წელს. 1997 წელს, პოეტის დაბადებიდან 180 წლისთავზე დაალაგეს თანამედროვეთა ცნობები პოეტის პორტრეტის შესახებ.

       დ. ყიფიანის მეუღლის მტკიცებით ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი დის, სოფიოს მსგავსება უდავოა. გვაქვს კი სოფიო ბათაშვილის სურათი? საბედნიეროდ გვაქვს, მათ შორის ისიც, სადაც სამივე და არის გამოსახული. ამ სურათისა და სოფიოს სხვა ცნობილი სურათებიდან, კომპიუტერული დამუშავებით ამოიღეს სოფიოსა და ნინოს სახეები, სურათის მხატვრულ რედაქტირება შასრულა მოქანდაკე მარინა ივანიშვილმა.










 

 

 

























 

ნიკოლოზ ბარათაშვილი. ლევან ჭოღოშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი. მარინა ივანიშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი _ ლადო გუდიაშვილი. 1941 წელი

გვანცა გამყრელიძე

ბარათაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული დღეს

არსებული პრობლემები

          ბარათაშვილის ხატება ჩემს არსებაში პირველად მაშინ შემოვიდა, როცა სკოლაში ბარათაშვილის პორტრეტი ვნახე. ის საკლასო ოთახში კედელზე ეკიდა. ძალიან ლამაზი მეჩვენა ჭაბუკი ყელზე ევროპულად გამონასკვული ჰალსტუხით... გული დამწყდა, როცა წელს მასწავლებელმა გვითხრა, რომ ის მხატვრის წარმოსახვით არის დახატული. ამდენი წელი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეს რაინდად, მერანზე მახედრებულ გმირად რჩებოდა. შემდეგ გავეცანი ტატოს თანამედროვეთა მოგონებებს, რომლებშიც მითითებულია, რომ ის არ ყოფილა ლამაზი. მინდოდა, ძალიან მინდოდა ტატო ეკატერინეს შესაფერისი მშვენების ადამიანი ყოფილიყო...

               მეტად საინტერესოდ მეჩვენა საკონკურსო პირობებში შემოთავაზებული საკითხი: ბარათაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული დღეს არსებული პრობლემები. მიმაჩნია, რომ ბარათაშვილი სათანადოდ დაფასებული არ არის. ქართველებმა (თუმცა არა ყველამ) ვიცით. რომ ის მსოფლიო მნიშვნელობის რომანტიკოსი პოეტია, მაგრამ მისი სათანადო პოპულარობისათვის არაფერი კეთდება. უცხოეთში ჩვენი ლიტერატურიდან იცნობენ მხოლოდ რუსთაველს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, რომ გვყავდა ბარათაშვილი (,,თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს...“ ,,მრწამს რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთ და უსულთ შორის...“), გვაყავდა გრიგოლ ორბელიანი (,,ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა...“) ვაჟა, ილია და სხვები. მათ შორის განსაკუთრებული მაინც ბარათაშვილია.

          თუ ჩვენ ბარათაშვილის სწავლებისას აუცილებლად ვახსენებთ ადამ მიცკევიჩსა და ბაირონს, რატომ ევროპაში ამ მგოსნების სწავლებისას არ უნდა ახსენებდნენ ბარათაშვილს?!

          მიმაჩნია, რომ ბარათაშვილის ბიოგრაფია არ უნდა ისწავლებოდეს ისე მშრალად, როგორც ეს ჩვენს სახელმძღვანელოშია მოცემული. ბარათაშვილის პოეზიის შესაცნობად და გასათავისებლად საჭიროა გავიაზროთ პოეტის თანამედროვე ისტორიული ეპოქა, შინაგანი სამყარო, მეტი ვიცოდეთ მის გარემომცველ სამყაროზე, მის ახლობელ ადამიანებზე, ალ. ჭავჭავაძის ოჯახზე, საქართვეოს რუსეთთან შეერთების მნიშვნელობასა და მის შედეგებზე... როცა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას ვეცნობი, მინდა არ მქონდეს განცდა, რომ ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან...“ (ნიკო ლორთქიფანიძე). ნიკოლოზ ბარათაშვილს უფრო დიადი ,,ძეგლი“ ეკუთვნის მსოფლიო პროგრესული საზოგადოების მეხსიერებაში.

თამარ თავბერიძე

პოეტის ავტოგრაფები და მისი თანამედროვეობა

თამარ თავბერიძე

ტატოს საყვარელი ადგილები

ტატოს ოჯახი და დიდი სიყვარული

ბარათაშვილის ნეშტის გადასვენება მთაწმინდაზე

ბარათაშვილის მუზეუმი თბილისში

ეკატერინე ნანავა

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული  ლიტერატურა

  1. რუხაძე ნ.მახარაძე ა., ქართული რომანტიზმი. გამომცემლობა ,,თბილისი,“ თბ., 1990წ.

  2. ასათიანი გ., საუკუნის პოეტები, გამომცემლობა „მერანი“, თბ. 1988

  3. ბარათაშვილი ნ., ერთტომეული, ჩემი რჩეული, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბ. 2012წ.

  4. უკვდავება  შემოქმედთა, გამომცემლობა ,,თბილისი,“თბ., 1999წ.

  5. ქართული რომანტიკოსები,  გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო,“ თბ.1978წ.

  6. ჩიქოვანი ს.,  რჩეული, ტ. 3. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბ. 1967წ.

  7. ჭავჭავაძე  ი., თხზულებანი, ტ. V, თბ., 1991წ.

  8. რადიანი შ., ახალი ქართული ლიტერატურა, თბ., ,,სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა,“ 1952წ.

  9. http:// burusi. Wordperss.com

  10. http:// google.ge

  11. http://178.32.143.54/bibliola/426330e78fde40ee2bf30e19434a1f43.pdf

  12. http://www.buki.ge/author-2021.html

ჩვენ შესახებ

          ჩვენ ვართ სსიპ ქ.რუსთავის N23 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები. ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, პროფ. ლელე კვარაცხელიამ, შემოგვთავაზა, მონაწილეობა მიგვეღო ბლოგების კონკურსში, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება. ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს თემა, მითუმეტეს იმიტომ, რომ ამჟამად ვსწავლობთ ქართული რომანტიზმის ეპოქას. გავეცანით კონკურსის პირობებს და შევქმენით ჯგუფი. ჩვენ ვართ მე-11 კლასელები:
1. გვანცა გამყრელიძე _ ტ. 592773135, ელფოსტა: gamkrelidzeg2@gmail.com
2. ეკატერინე ნანავა _ ტ. 574106245, ელფოსტა: ekaa.nanava2001@gmail.com
3. თამარ თავბერიძე _ ტ. 577251502, ელფოსტა: tavberidze2001@mail.ru
4. ნათია თავაძე _ ტ. 577278139, ელფოსტა: tavadzenatia30@gmail.com
       ჩვენი დამრიგებელია ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ქაშიბაძე. კლასში 25 მოსწავლე ვართ. გვიყვარს ჩევენი სკოლა, ჩვენი ქალაქი, ვართ მეგობულები, მხიარულები და გავინტერესებს თანამედროვე ცხოვრების ყველა პროგრესული სფერო. განსაკუთრებით გვიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა.
ლელა კვარაცხელია ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლის მე-5 კლასიდან და მსთან ერთად არაერთი საინთერესო ექსკურსია, ღონისძიება, გაკვეთილი თუ პროექტი განგვიხორციელებია, ამიტომ შემოთავაზებული წინადადება დიდი სიამოვნებით მივიღეთ. ვიმუშავეთ დამოუკიდებლად, გავეცანით იმ ლიტერატურას, რომელიც მასწავლებელმა მიგვითითა.

ბლოგის დიზაინზე მუშაობდნენ  გვანცა გამყრელიძე და ეკატერინე ნანავა

Contact Me

© 2017 by Gvantsa Gamkrelidze Proudly created with Wix.com

bottom of page